ბადრი ჯაფარიძე: ანაკლიის პორტის პროექტს არანაირი შეფერხება ემუქრება
„ანაკლიის პორტის პროექტს არანაირი შეფერხება ემუქრება“, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მუშაობა გაგრძელდება.
ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, რომ ყველა მხარე მონდომებულია, რათა ეს პროექტი ვადებში განხორციელდეს.
„ეს იყო სამუშაო შეხვედრა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ზოგადად, საკითხებზე არის ძალიან ცოტა განსხვავება. ამიტომ ორი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ ყველა საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. საზოგადოდ, არის სრული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. ეს არის ძალიან დამაიმედებელი. ვფიქრობ, იმ ტემპითა და რესურსებით, რომლებიც ახლა მოზიდულია ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან, ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. ვეძებთ მექანიზმებს, როგორ შევქმნათ საგარანტიო მექანიზმი. დღეს არ იყო ამ შეხვედრის ამოცანა, შეთანხმებისთვის მიგვეღწია. შეხვედრის ამოცანა იყო სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში, საფუძველის მომზადება და ეს გაკეთდა. ამ ორი დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრესი იქნება. პროექტს არანაირი შეფერხება ემუქრება. სამუშაო პროცესია, ყველა მხარე მონდომებულია, რომ ეს პროექტი ვადებში განხორციელდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ყველაფერი განსაზღვრულ ვადებში განხორციელდება.
„არანირი გადახედვა ვადისა არ ყოფილა არასდროს, არც განიხილება. ბანკები არიან ძალიან კონსტრუქციული, მთავრობაც არის კონსტრუქციული. ჩვენ, როგორც კონსორციუმი, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ. ამიტომ ძალიან ოპტიმისტური განწყობა მაქვს. ვფიქრობ, დარჩენილი საკითხები მოგვარდება. ეს არ არის ერთ საათში მოსაგვარებელი თემა, ეს არის პროცესი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მთავრობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გრძელდება.
სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ პროექტის დაფინანსებისთვის დაყენებული რვაპუნქტიანი მოთხოვნებია.