ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სპეციალისტები საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილებას ეცნობიან

0

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილების გაცნობის მიზნით, საქართველოს ახალი ზელანდიელი და ავსტრალიელი სპეციალისტები სტუმრობენ. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, უცხოელ კოლეგებს მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებები გააცნეს.
გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მზად არიან, ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ კოლეგებს მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარონ.
„ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, რადგან მსოფლიოში არცერთი ქვეყანა  აკეთებს იმას, რასაც – საქართველო. ვიცით, რომ აზიური ფაროსანას მონიტორინგი და კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და ეს არის ერთადერთი გზა ზარალის შემცირებისათვის. ამ კუთხით ბევრი გვაქვს სასწავლი საქართველოსგან. არცერთი ქვეყანა  ახორციელებს აზიური ფაროსანას კონტროლს მთლიან ტერიტორიაზე. ეს ვიზიტი ჩვენთვის არის უნიკალური შესაძლებლობა, გავეცნოთ საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას”, – განაცხადა ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერმა, ქეთრინ დათიმ.
აღნიშნული ვიზიტი მარტში, საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე დაიგეგმა, რომელსაც მსოფლიოს 26 ქვეყნის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დელეგაციების წევრები დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებიან და გაეცნობიან მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის მუშაობას, მონიტორინგის სისტემებსა და მიმდინარე ღონისძიებებს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ დღეს, როცა მათი ქვეყნები დგანან მავნებლის შემოჭრის საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებული მაგალითის გაზიარება, პრობლემისადმი კოორდინირებული მიდგომა და ის მეთოდები, რომლებიც მავნებელთან ბრძოლისას გამოიყენება“, – აცხადებენ სეს-ში.

კომენტარები

კომენტარი