კომუნიკაციების ეროვნული კომისია: მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით, კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დრო კი 25%-ით არის გაზრდილი

მაუწყებლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის პირველ კვარტალში  2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

„გაზრდილია კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დროც, კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სარეკლამო დრო 25%-ით არის გაზრდილი. სარეკლამო შემოსავლების ზრდა ფიქსირდება ყველა ეროვნულ მაუწყებელში გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელსაც 52%-იანი კლება აქვს. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ კლება საზოგადოებრივ მაუწყებელს მას შემდეგ დაუფიქსირდა, რაც „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილება შევიდა ძალაში და არხს ევროპული პრაქტიკის მსგავსად კომერციული რეკლამის ლიმიტი გაეზარდა.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “პალიტრა ტვ-ს” -216% დაუფიქსირდა. ტელეკომპანია “პირველს” კი – 38%. 35%-ით გაიზარდა GDS სარეკლამო შემოსავალი. 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 27%-იანი ზრდა აქვს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ს“, სტუდია „მაესტროს“ – 13%, ხოლო “ტელეიმედის” შემოსავალი 4%-ით გაიზარდა, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სარეკლამო შემოსავალმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2019 წლის პირველ კვარტალში 52%-ით დაიკლო. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება სწორედ მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც არხს კომერციული რეკლამის ლიმიტი გაეზარდა, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების მტკიცებით, აღნიშნული ცვლილების შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელს შემოსავლები გაეზრდებოდა, ეს თანხა კი რეგიონულ მედიას დააკლდებოდა.

აღნიშნული მაჩვენებელი იმ არხებს ეხებათ, რომლებსაც, 2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სხვა კომპანიებთან შედარებით  ყველაზე მეტი შემოსავალი დაუფიქსირდათ: „იმედი“, „რუსთავი 2“, GDS, „სილქნეტი“, ტელეკომპანია „პირველი“, „1-ელი გასართობი““, – აცხადებენ კომისიაში.

მათივე ცნობით, მაუწყებლების შემოსავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ანალიტიკურ პორტალზე: analytics.gncc.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები