ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, კონფერენცია – „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით პირველი, საერთაშორისო, სამდღიანი, სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა.
კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ 2019 წელს ბოტანიკური ბაღისთვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
„მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების მეცნიერული შესწავლისა და მისი კონსერვაციის საკითხებთან. საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის – მცენარეთა მრავალფეროვნებას, განსაკუთრებული დაცვა და მოფრთხილება ესაჭიროება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლისა და კონსერვაციის საქმეში.
ჩვენი ამოცანაა, გაძლიერდეს და გააქტიურდეს ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, განახლდეს მცენარეთა კოლექციები და ბაღმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვის და მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყება ბოტანიკური ბაღისათვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს სამეცნიერო ლაბორატორიების, სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციული და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას. მჯერა, რომ ახალი ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის შესაძლებლობების გაძლიერებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კონფერენციის მიზანია საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის შედგების გაანალიზება, არსებული პრობლემების გააზრება, მცენარეთა კონსერვაციის საკითხებზე თანამშრომლობის ეროვნული პლატფორმის შექმნა და სტრატეგიული ხედვების ფორმირება.
კონფერენცაზე, რომელიც 20-21-22 მაისს იმართება, იგეგმება დისკუსია მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადების საკითხებზე.
ღონისძიების ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, 22 მაისს, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი მცენარეთა კოლექციების გაცვლასა და მცენარეთა კონსერვაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და მისურის ბოტანიკურ ბაღს შორის. ასევე, გაფორმდება მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოში მოქმედ, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ბოტანიკურ ბაღებს შორის, საქართველოს მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული ქსელის შექმნის თაობაზე, რომელიც 15 სუბიექტს გააერთიანებს.
კონფერენცია, რომელშიც ბოტანიკური ბაღის ორმოცზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის 110 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას 13 ქვეყნიდან, სამი დღე იმუშავებს სამეცნიერო და პლენარული სესიების, მრგვალი მაგიდისა და ვორქშოპების ფორმატში.
კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბოტანიკური ბაღის დირექტორი –  თამაზ დარჩიძე და BGCI რეგიონული პროგრამების დირექტორი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები