კახა კალაძე „ევროპის დღეები 2019-ის“ ფარგლებში გამართულ სემინარს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  დღეს, „ევროპის დღეები 2019-ის“ ფარგლებში სემინარი – „ევროპა – საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების მეტ ჩართულობასა და მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.
„მესამე წელია, ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს და ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაცია – გზა, რომელიც ჩვენმა ხალხმა აირჩია. 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი და ევროპა ჰქვია. ჩვენზე, თვითმმართველობებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და ჩვენი მხრიდან მეტი ჩართულობა იყოს. ზოგადად, ინფორმირებული მოქალაქის არჩევანი რომ უფრო ნათელი და სწორია, ცხადია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამ არჩევანს კი იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოსთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რა სიკეთე მოიტანა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესმა ამ ხნის განმავლობაში და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ.
რას გვთავაზობს ევროპა: ევროკავშირის უდიდეს ბაზარს, ბიზნესის წარმოების ახალ შესაძლებლობებს, შესაბამისად, დასაქმების შესაძლებლობასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებით  ხარისხის ზრდასაც.
ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს ყველა სფეროში ევროპული, მაღალი სტანდარტის დაწესებას, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ზრდას, ხარისხის განვითარებას სოციალურ სფეროში და მომსახურებაში, უსაფრთხო გარემოს, შრომის ბაზრის მოწესრიგებას, დასაქმებულთა უფლებების დაცვასა და ა.შ. ამასთან, ჩვენს ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ ევროპული განათლება. წარმატებით ვთანამშრომლობთ მეცნიერებისა და ინოვაციების, ასევე, კულტურისა და აუდიოვიზუალური ხელოვნების სფეროში. ჩვენ უდიდესი დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა წლების განმავლობაში, ახორციელებს ქვეყნის განვითარების ხელშემწყობ უამრავ პროექტს. ჩვენი სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ ევროპულ ორგანიზაციებთან და იზიარებენ მათ გამოცდილებას სხვადასხვას ფეროში. ასევე, აქტიურია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სემინარში, ასევე, მონაწილეობდა საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  – მაია ცქიტიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე. ღონისძიების მოდერატორი იყო „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი, ნინო ბოლქვაძე იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები