საქართველო INSARAG -ის აკრედიტაციის მისაღებად ემზადება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი, გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი – კლაუს ბუხმიულერი და სწრაფი განთავსებისა და საერთაშორისო ოპერაციების უფროსი სპეციალისტი – პეტერ გოხარაჯი ესწრებოდნენ.
„შეხვედრისას საუბარი INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების პროცესში გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას შეეხო. ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამ პროცესში მენტორობას გაუწევს.
გერმანული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების პროფესიულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს ადგილზე შეაფასებს და საქართველოს INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებისთვის საჭირო რეკომენდაციებს მისცემს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებით საქართველო საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრი გახდება, რაც საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო მისიებში“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოხდება სამსახურის შესაძლებლობების გაუმჯობესება ტრენინგებისა და სასწავლო კურსების, ტექნიკური დახმარების, ასევე, ინსტიტუციონალური გაძლიერების ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები