ოთარ ანგურიძე: მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობა ბოლო 15 წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზეა

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებისა და უმუშევრობის 2018 წლის დაზუსტებულ მაჩვენებლებზე კომენტარს აკეთებს.
„მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობა ეტაპობრივად მცირდება ჩვენს ქვეყანაში – 2018 წელს 12,7% შეადგინა და 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,2%-ით გაუმჯობესდა. რაოდენობრივ მაჩვენებლებში შემცირდა 30,7 ათასით და შეადგინა 245,7 ათასი. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე მინიმალურ ნიშნულზეა“, – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 17 მაისს გამოაქვეყნა დასაქმებისა და უმუშევრობის დაზუსტებული მაჩვენებელი 2018 წლისთვის.
ოთარ ანგურიძის შეფასებით, დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის ტენდენცია, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა 48,2 ათასით შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი 35,9 ათასით გაიზარდა და 860,2 ათასი შეადგინა.
„2018 წელს პირველად დაფიქსირდა მაჩვენებელი, რომელითაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას, რაც ეკონომიკის განვითარების შედეგია“, – განაცხადა მან.
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა სოფლის მეურნეობის სექტორში და, პარალელურად, გაზრდილია მშენებლობის, ვაჭრობის, ტრასპორტირების და სხვა სექტორებში.
„უმუშევრობის სტატისტიკის აღნიშნული ტენდენცია მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკაში სექტორული გაუმჯობესება ფიქსირდება“, – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები