ნათია თურნავა: საქართველოსთვის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია

„ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ასტანის ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგი და მისი მსვლელობისას განხილული აქტუალური საკითხები, „ერთი სარტყელი – ერთი გზის” ინიციატივის ცენტრალური დერეფნის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულტანში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოხსენებით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია და სურვილი, რომ გახდეს ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი.
ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცენტები, რომლებზეც ფორუმზე სიტყვით გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა, ძალიან დიდ სინერგიაშია იმ აქცენტებთან, რომელიც ზოგადად კეთდება ფორუმის სხვა გამომსვლელთა მიერ და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს ასახავს.
„ყველამ გააკეთა აქცენტი განათლების მნიშვნელობაზე. კარგია, რომ ჩვენ, საქართველო, ერთი ნაბიჯით წინ ვართ. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ განათლების მნიშვნელობაზე, არამედ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული ამასთან დაკავშირებით, რაც წარვადგინეთ კიდეც დღეს”, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა ფორუმზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოყვანილ სტატისტიკაზე, რომლის თანახმადაც, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 70% რეცესიაშია და ტემპები კლებულობს იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე საუბრობს.
„ამ ფონზე, მით უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მიღწევა მაღალი დინამიკური ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები