ნათია თურნავა: იმ დასახლებული პუნქტების მესამედი, სადაც 2019-2021 წლებში გაზიფიკაცია განხორციელდება, სამეგრელოში მდებარეობს

დიდი ნეძის კახათი ერთ-ერთი პირველი სოფელი იქნება სამეგრელოში, სადაც საქართველოს მთავრობის გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს სოფლის მოსახლეობას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი – ალექსანდრე მოწერელია შეხვდნენ და მათ სამთავრობო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრნენ.
მინისტრის განცხადებით, 2019-2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება.
„დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონის წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ თემატიკაზე, მათ შორის – სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობის შეკეთებაზე, მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე და სხვ.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტზე, რომელსაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებაში“, – აცხადებენ სამინისტროში.
მინისტრმა მოსახლეობას განუცხადა, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიული პროექტია და ის აუცილებლად აშენდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები