სასამართლო უკრაინის მოქალაქის საქმეზე: არსებობდა ბრალდებულის მიმალვის და არასრულწლოვნებზე ზემოქმედების საფრთხე

თბილისის საქალაქო სასამართლო უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვა, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვნებით ვაჭრობის საქმეზე ბრალდებულ ი.ს-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა. ი. ს.-ს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე მისი გადაყვანა, გადამალვა, ტრანსპორტირება და შეფარება, ჩადენილი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ (ათი არასრულწლოვანი), დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით.

დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ფაქტობრივი საფუძვლები, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ფორმალური საფუძვლების შეფასების შემდგომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და არასრულწლოვნებზე ზემოქმედების საფრთხე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 20 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები