ლევან ბეჟაშვილი : მიუღებელი და გაუმართლებელია “გაერთიანებული ოპოზიციისა” და სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ ბრიფინგებით საუბარი
“გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით არცერთი შეთანხმება არ დარღვეულა და ახლა ერთმანეთთან ბრიფინგებით საუბრის დრო არ არის.
“ბრიფინგის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს. მიუღებელი და გაუმართლებელია “გაერთიანებული ოპოზიციისა” და სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ ბრიფინგებით საუბარი, როდესაც კონსულტაციების შედეგად იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ზესტაფონსა და მარნეულში გაერთიანებული ოპოზიცია თავის კანდიდატურას დააყენებდა. რაც შეეხება ჭიათურას – შეთანხმებისამებრ, საკრებულოს წევრის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა მოხდა. მერობის არჩევნებში “გაერთიანებული ოპოზიცია” და “ენმ “არ ღებულობს მონაწილეობას. ჩვენთვის მთავარია და ამომრჩეველსაც მოვუწოდებთ, კონცენტრაცია მოვახდინოთ მთავარ იდეაზე, რომელიც საზოგადოების დაკვეთაა – ეს არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა იმ ამომრჩეველთან, რომლის მთავარი მიზანიც “ქართული ოცნების” ჩამოშორებაა. კონსულტაციების დროს წინასწარ ცნობილი იყო, მარნეულსა და ზესტაფონში “გაერთიანებული ოპოზიცია” “ენმ -სთან” ერთად დააყენებდა თავის კანდიდატურას. რაც შეეხება ჭიათურის საარჩევნო ოლქს – დაპირებისამებრ, კანდიდატის წარდგენა არ მომხდარა. ყველას მოვუწოდებ, კონცენტრირდეს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია. მან “ევროპული საქართველოს” ამომრჩეველს მოუწოდა, რომ სრულად დაუჭიროს მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს.