“გაერთიანებული ოპოზიცია” “ქართულ ოცნებას” ზუგდიდში საჯარო მოხელეების საარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს
“გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მურთაზ ზოდელავამ ხელისუფლება საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში გამოყენებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ,ზოდელავამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” არ გამოსწორდება, კვლავ დაიწყეს საჯარო მოხელეების გამოყენება არჩვენების გასაყალბებლად. მათი კონტროლი ადგილზე დაევალა მალხაზ თორიას, რომელიც არის გუბერნატორის მოადგილე და შს მინისტრის მოადგილის, ლევან კაკავას უახლოესი მეგობარი. თორიამ ჩაატარა თეატრი, სადაც დაიბარა ყველა საჯარო მოხელე და ღიად უთხრა, რომ ისინი კონტროლდებიან, მათ შორის – უშიშროების მიერ. მათ დაევალათ, მოახდინონ თავიანთი ნათესავების მობილიზება, რომლებიც არ არიან ჩაწერილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მათ უნდა დაარეგისტრირონ ახლობლები ზუგდიდში საარჩევნო მიზნებისთვის. რათა არა ზუგდიდელებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხელი შეუშალონ ადგილობრივებს აირჩიონ მათთვის სასურველი მერი”,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
ზოდელავას განცხადებას, ზუგდიდის “ქართული ოცნების” შტაბში გამოეხმაურნენ. შტაბის უფროსის, ლაშა გვასალიას თქმით, საცხოვრებელი ადგილის გაყალბება “ნაციონალური მოძრაობის” ნაცადი ხრიკია. გვასალია ამბობს, რომ ოპოზიციის განცხადება წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის კანდიდატს, გიორგი შენგელიას მოსახლეობის 65%-ის მხარდაჭერა აქვს.
“ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ეს ყველაფერი მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას, რის მიხედვითაც გეგა შენგელიამ მიიღო 65 პროცენტი. სწორედ ამის გამო დაიწყო “ნაცმოძრაობამ ” ჩვეული ხრიკები, ეს არის სრული სიცრუე. პირიქით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებიც ხალხს მობილიზებას უკეთებენ და დროებით ჩაწერებს ახორციელებენ. კი ბატონო, მათი ნებაა, ჩამოიყვანონ, ჩაწერონ ადამიანები, ჩვენ არ გვეშინია. მსგავსი ხრიკები მათი მოგონილია. ყველა არჩევნებზე საზოგადოებაზე ზეწოლას გვაბრალებენ და ეს არის სიცრუე”, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.