ლაშა გვასალია: “ნაცმოძრაობა” ყველა არჩევნებზე საზოგადოებაზე ზეწოლას გვაბრალებს და ეს არის სიცრუე
“გაერთიანებული ოპოზიციის” ბრალდებებს “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისში პასუხობენ. როგორც შეხვედრების კოორდინატორმა, ლაშა გვასალიამ განაცხადა, საცხოვრებელი ადგილის გაყალბება “ნაციონალური მოძრაობის” ნაცადი ხრიკია. გვასალიას თქმით, ოპოზიციის განცხადება წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის კანდიდატს, გიორგი შენგელიას მოსახლეობის 65%-იანი მხარდაჭერა აქვს.
“ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ეს ყველაფერი მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას, რის მიხედვითაც გეგა შენგელიამ მიიღო 65 პროცენტი. სწორედ ამის გამო დაიწყო “ნაცმოძრაობამ ” ჩვეული ხრიკები, ეს არის სრული სიცრუე. პირიქით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებიც ხალხს მობილიზებას უკეთებენ და დროებით ჩაწერებს ახორციელებენ. კი ბატონო, მათი ნებაა, ჩამოიყვანონ ჩაწერონ ადამიანები, ჩვენ არ გვეშინია. მსგავსი ხრიკები მათი მოგონილია. ყველა არჩევნებზე საზოგადოებაზე ზეწოლას გვაბრალებენ და ეს არის სიცრუე”, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.
ცნობისთვის, დღეს “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მურთაზ ზოდელავამ ხელისუფლება საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში გამოყენებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ზოდელავამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.