ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი (კმ15-კმ25) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება. ამის შესახებ „კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძალიან დაზიანებული იყო, ვერ უზრუნველყოფდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. გზის რეაბილიტაციის შემდეგ კი არსებული პრობლემები სრულად მოგვარდება და ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 10 188 800 ლარია. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია New Road-ი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები