გიორგი შენგელია: ჩემი მერობის პერიოდში, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდიატმა, გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და ძირითად გამოწვევებს შეეხო. მისი თქმით, ძირითადი პრობლემა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აწუხებს, საგზაო ინფრასტრუქტურაა. მისი განცხადებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განხორცილებამ მნიშვნელოვნად დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა.
“წყლისა და წყალარინების პროექტების განსახორციელებლად 220 მილიონი ლარი იხარჯება და ეს უნიკალური პროექტია. მე ვდებ პირობას, რომ, ჩემი მერობის პერიოდში, გზის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და საგზაო ინფრასტრუქტურა აღდგება.
მიმდინარე წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და, ჩემი მერობის პერიოდში, ეს ტემპი გაგრძელდება და მთავარი ვექტორი ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება.
10 ქუჩა კეთდება კაპიტალურად, ხოლო 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს”, – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდიატმა.
მისივე თქმით, გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, ზუგდიდში 40 მილიონი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე იხარჯება. შენდება სასწარაფოსა და სახანძრო-სამაშველოს ახალი შენობები ზუგდიდსა და ანაკლიაში.