ბესიკ დგებუაძის მამა: 48 საათში თუ არ გაათავისუფლებენ, გავაგრძელებთ აქციებს და საარჩევნო პროცესსაც ხელს შევუშლით

დაკავებული ბესიკ დგებუაძის მამა საოლქო პროკურორს შეხვდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათი მოთხოვნა ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაა.
როგორც ვლადიმერ დგებუაძემ განმარტა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია და, სამედიცინო დასკვნის მიღების შემდგომ, 48 საათის ვადაში, მისი გირაოთი გათავისუფლება უნდა მოხდეს. ასევე, მისი თქმით, პროკურატურისგან თანხმობა მიიღო, თუ დადასტურდა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, გამოძიების დასრულებამდე ბესიკ დგებუაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.
“დღეს მე და ჩემი შვილები შევხვდით საოლქო პროკურორს. დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში გაუარესდა. როგორც იცით, ის ქუთაისის ციხეშია. ამასთან დაკავშირებით გაიმართა ეს აქციაც, რომ გირაოთი გაათავისუფლონ. საოლქო პროკურორი შემპირდა, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გადაამოწმებენ და, თუ გაუარესებულია, 48 საათში განიხილავენ გირაოთი გათავისუფლების შესაძლებლობას. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს და საარჩევნო პროცესსაც ხელს შევუშლით”, – განაცხადა ვლადიმერ დგებუაძემ.
ზუგდიდის პროკურატურასთან ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ამ წუთებში, დასრულდა. აქციის მიმდინარეობის დროს მათ პროკურატურის შენობაში შეჭრის მცდელობა არერთხელ ჰქონდათ.
ცნობისთვის, დგებუაძის ახლობლებმა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია 13 და 14 აპრილსაც გამართეს. მაშინ ისინი აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი მონაწილის გათავისუფლების პირობით დაიშალნენ.
ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა, მას 4 ტყვია მოხვდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ბესიკ დგებუაძე დაპატიმრებულია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 370-ე მუხლით, რაც სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები