ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში ვიზიტს იწყებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი 31-2 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ. პრემიერი ევროპის ლიდერებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიმდინარე რეფორმებზე. გაიმართება დისკუსია ევროატლანტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. შედგება საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე საქართველოს მოლოდინზე ევროატლანტიკურ პროცესებში.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე:
“გლობალური ძალაუფლება და რეგიუნალური სტაბილურობა”. მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება კონფერენციის ოფიციალურ გახსნას და საზეიმო მიღების ცერემონიას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის პოსტ ზეეჰოფერის ოფიციალურ სადილზე და სამუშაო ლანჩზე. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს ჯონ მაკკეინს, გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის, აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ფრედერიკ კემპეს, აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჩარ ჰაგელს, კონგრესმენ მაიკლ ტერნერს, სერბეთის პრემიერ-მინისტრ ივიცა დაჩიჩს, სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ალენკა ბრატუსეკს, ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვოლტერ შტაინმაიერს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს, ჰენრი კისინჯერს, ულრიხ გრილოს.
მიუნხენში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერვიუს მისცემს გერმანულ ყოველკვირეულ ჟურნალ ,,FOCUS’’-ს, ასევე ტელეკომპანია ,,ZDF’’-ს. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 31 იანვარს ეწვევა. დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები