ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ 2019 წლის თებერვლის მთლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც მაღალია რყევები, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადობით გამოირჩევა. მისი თქმით, მდგრადობა გამოწვეულია იმ სტაბილური განვითარებით, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ხასიათდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს სწორი მაკროეკონომიკური, კერძოდ, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის და იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ აქტივობაში მოსახლეობის თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-თებერვალს საშუალო ზრდა 4.1 პროცენტს გაუტოლდა. 2018 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო. მიმდინარე წლის თებერვალში, მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; უძრავი ქონება; ვაჭრობა; ტრანსპორტი; ჯანმრთელობის დაცვა. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ გახორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ინვესტორთა განწყობაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ. მიმდინარე წლის თებერვალში, სარეიტინგო კომპანია “Fitch”-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებული იყო 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებითა და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით.