ბექა ნაცვლიშვილი: ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მუშაკების წინაშე არსებული პრობლემების მხოლოდ აღიარება არ არის საკმარისი

“ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მუშაკების წინაშე არსებული პრობლემების მხოლოდ აღიარება არ არის საკმარისი. აუცილებელია, მყისიერად, იმ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც მათ აქვთ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი სოცმუშაკების გაფიცვას. მისივე თქმით, აღნიშნული პროტესტი უნდა გახდეს სახელმწიფოს როლისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საფუძვლიანი განსჯისა და გააზრების საბაბი. “უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს სოციალური მუშაკების გაფიცვა. სოციალური მუშაკების სამართლიანი პროტესტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არა მხოლოდ დასაქმებულების სავალალო მდგომარეობას სამუშაო ადგილებზე როგორც კერძო, ისე – საჯარო სექტორში, არამედ ააშკარავებს სახელმწიფოს მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის უგულებელყოფას მოქალაქეების მიმართ. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ სოციალური პოლიტიკა არ გვაქვს. ის, რასაც ჩვენ სოციალურ პოლიტიკას ვუწოდებთ, არის არა ადამიანების განვითარებაზე, არამედ ადამიანების ფიზიკურ გადარჩენაზე ორიენტირებული ქმედებების ერთობა – ყოველგვარი სისტემური გააზრების გარეშე. ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვისმენთ სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის გასამართლებლად. ჩვენი პრობლემა უთანასწორობაა, რომელიც უფრო ღრმავდება და დეკლარირებულია, როგორც ბუნებრივი მდგომარეობა ჩვენი საზოგადოებისა. ჩვენ გვჭირდება სოციალური პოლიტიკა, რომელიც დაძლევს უთანასწორობას, რომელიც რეალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისას, რათა მათ დაძლიონ უპერსპექტივობის განცდა, შეიძინონ მეტი რწმენა და მოახდინონ სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა, გავახორციელოთ ნამდვილი სოციალური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი, პასუხისმგებლიანი სახელმწიფო. ამგვარი სახელმწიფო ვერ იქმნება რეფორმებით, რომლებიც ახალისებს თავკერძობას, ინდივიდუალიზმს და მარტო ტოვებენ ადამიანებს ისეთი სირთულეების წინაშე, რომელთა გამკლავებაც მათ სახელმწიფოს თანადგომის გარეშე არ შეუძლიათ. ჩვენ გვჭირდება რეფორმები, რომლებიც წაახალისებს სოლიდარობას, თანადგომას და სახელმწიფოს აქცევს საყოველთაო განვითარების მექანიზმად საზოგადოების ხელში, სადაც ბიუჯეტი, სოციალური სისტემა, საპენსიო სისტემა იქნება სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მხოლოდ სოციალური მუშაკების წინაშე არსებული პრობლემების აღიარება არ არის საკმარისი. აუცილებელია, მყისიერად, იმ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც სამართლიანად ითხოვენ სოციალური მუშაკები, რათა არ დაზარალდნენ ოჯახები,რომლებზეც ისინი ზრუნავენ. ამიტომ, მინდა, ჩემი თანადგომა გამოვუცხადო სოციალურ მუშაკებს სამართლიან და მნიშვნელოვან ბრძოლაში. ეს პროტესტი უნდა გახდეს სახელმწიფოს როლისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საფუძვლიანი განსჯისა და გააზრების საბაბი. აქვე მინდა, გამოვეხმაურო ელმავალმშენებელი ქარხნის მუშების გაფიცვას და მივულოცო მათ პროცესის წარმატებით დასრულება. მხოლოდ ამგვარი ბრძოლით მიიღწევა შედეგი”, -აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები