სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

ხადას ხეობაში​ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში, გარდა ერთისა. ამის შესახებ პირველი არხი წერს.

კობაური დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლს, ამ ბრალდებაში მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ვერდიქტი მათთვის განსაზღვრულ პირველ ოთხ საათში გამოიტანა.

უფროსმა ნაფიცმა მსაჯულმა გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. რაც შეეხება სასჯელის ზომას, აღნიშნულს მოსამართლე განსაზღვრავს.

პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები