სახალხო დამცველი: ექსპერტების დასკვნით, დეკანოზ მამალაძეს საჭირო სამედიცინო დახმარება არ უტარდება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მსჯავრდებული სასულიერო პირის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. ამ დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ მამა გიორგის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ უტარდება. „სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, ჩავრთეთ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები. ამ ადამიანებმა შეისწავლეს სამედიცინო დოკუმენტები და ადგილზე მოინახულეს მამალაძე. ნახეს, როგორ უტარდება მას მკურნალობა და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტებმა გასცეს დასკვნა და, ამ დასკვნის საფუძველზე, მათ განაცხადეს, რომ ადგილზე, ანუ მე-18 დაწესებულებაში, არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც სჭირდება – მისი დიაგნოზიდან გამომდინარე.
შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე, სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გასცა, რომ ის გადაყვანილი იყოს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ ეს დასკვნა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, გადავეცით სასჯელაღსრულების უწყებას. ასევე, გადავეცით თავად მამალაძესა და მის ადვოკატებს. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ეს არის პერსონალური მონაცემები. თუმცა, თუ იქნება ადვოკატების, ან თავად მამალაძის სურვილი, რომ გაასაჯაროოს აღნიშნული დასკვნა, ცხადია, მათ გასაჯაროება შეუძლიათ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები