„თუ გიჭედავს, შეამოწმე“, – Sheamotsme.ge – კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის პროექტი დაიწყო

0

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა. ვისაც უჭირს ფილმების ყურება და გადმოწერა, ონლაინთამაში და უკმაყოფილოა ინტერნეტის ხარისხით, ეს ვებგვერდი სწორედ მათთვისაა – www.sheamotsme.ge. აღნიშნული ვებპლატფორმით, უკვე დღეიდან, ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი; შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი როგორც მომხმარებელს, ასევე – კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს, 24-საათიან რეჟიმში დააკვირდეს,  რამდენად იცავს კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტმომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს.

უფრო დეტალურად კი, ინტერნეტის ხარისხის შესამოწმებლად საჭიროა:

  • შეხვიდეთ ვებგვერდზე www.sheamotsme.ge;
  • შემოწმების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას;
  • მოწყობილობა, რომლითაც ხარისხს ზომავთ, ინტერნეტის ქსელში შეაერთოთ სადენის (კაბელის) და არა, Wifi-ის საშუალებით;
  • შემოწმების დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესში, ოპერაციულ სისტემაში არც ერთი სხვა აპლიკაცია გახსნათ;
  • მითითებულ ველში აუცილებლად შეიყვანოთ თქვენი და თქვენი ინტერნეტპროვაიდერის ზუსტი მონაცემები;
  • გაზომვის დროს, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, სისტემა მოგცემთ საშუალებას, ავტომატურ რეჟიმში შეავსოთ საჩივრის ფორმა და გამოაგზავნოთ კომუნიკაციების კომისიაში;
  • იმისთვის, რომ თქვენი საჩივარი არ დახარვეზდეს, აუცილებელია, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვათ ინსტრუქცია;
  • წესების დაცვა ზუსტი მონაცემების მისაღებადაა აუცილებელი; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საჩივარი გაუქმდება;

იმისთვის, რომ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე  მომხმარებლის მიერ გადახდილი ფასის ადეკვატური იყოს,  კომუნიკაციების კომისიამ, ერთი წლის განმავლობაში, აქტიური სამუშაოები ჩაატარდა. კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ინტერნეტმომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები განისაზღვრა და მათი შემოწმების მეთოდოლოგიური წესები დადგინდა. ინტერნეტმომსახურების მიწოდების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიებს ახალი ვალდებულებები დაეკისრა, რომლებიც აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებების დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა.

“შემოწმების საიმედოობისა და სიზუსტის მიზნით, კომისია ამერიკულ კომპანია Visualware-თან თანამშრომლობს. ინტერნეტმომსახურეობის ხარისხი იზომება სწორედ მათი აპარატურით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად გავზომოთ ფიქსირებული ინტერნეტის 5 პარამეტრი: ჩამოტვირთვის სიჩქარე, ატვირთვის სიჩქარე,  დაკარგული პაკეტები, ჯიტერი და დაყოვნება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მომხმარებლების უფლებების დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია და, სწორედ ამიტომ, თქვენ დღეიდან, www.shemaotsme.ge-ს საშუალებით, მუდმივ რეჟიმში შეგეძლებათ, შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე; იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულების პირობებს არ იცავს გამოაგზავნოთ საჩივარი კომისიაში, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს და პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ”, – აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

R

კომენტარები

კომენტარი