ქართული ღვინო მსოფლიოს უმსხვილეს გამოფენაზეა წარდგენილი

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაზე „ProWein-2019″, ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს.
გამოფენა ProWein-ი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებლებისთვის წლის მთავარი მოვლენაა. წელს, გამოფენას მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 60 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და დაინტერესებული სტუმარი ეწვია, რაც კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების საუკეთესო შესაძლებლობაა. გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 60-მდე ქვეყნის მეწარმემ წარადგინა.
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები გამოფენაზე მონაწილეობენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით. გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ესწრება.
„პროვაინი მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელშიც საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესი მზარდია და, წელს, საქართველო 27-მა კომპანიამ წარადგინა. ამით ჩვენ კიდევ უფრო ვამკვიდრებთ საქართველოს სახელს მსოფლიოს მევენახეობა-მეღვინეობის რუკაზე. 2021 წლიდან, იგეგმება ProWein-ის გაფართოება და, შესაბამისად, ჩვენც ვგეგმავთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მასშტაბურად იყოს წარმოდგენილი მასზე”, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
გამოფენა ProWein-ი წელს საიუბილეოა – იგი 25-ედ იმართება. საქართველო აღნიშნულ გამოფენაზე 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაზე მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა.
გამოფენის ფარგლებში, ორ ქართულ კომპანიას „მეღვინეობა ჩელთის” და „მეღვინეობა ვაზიანს” ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე “MUNDUS VINI”-ზე მოპოვებული ჯილდოები გადაეცათ; კერძოდ, „მეღვინეობა ჩელთის” ღვინოებმა 4 ოქროს მედალი და 1 “გრანდ ოქრო”, ხოლო „მეღვინეობა ვაზიანის” ღვინომ ოქროს მედალი დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები