აკაკი ბობოხიძე: მე მომხრე ვარ, რომ მიწა გაიყიდოს

საპარლამენტო უმცირებობის წარმომადგენელმა, აკაკი ბობოხიძემ, საქართველოში მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, მიწის გაყიდვა არ უნდა აიკრძალოს.
„სამწუხაროდ, ხელისუფლება აჰყვა და აპელირებს საქართველოს მოსახლეობის ნაწილის გაუთვიცნობირებელ შიშებზე, რომ მიწას გვართმევენ და მას ვიღაცა წაგვართმევს. მთელი მსოფლიო, თურმე, არის იმ ერთ ფიქრში, როგორ გადაგვაჯიშოს და აღგავოს საქართველო მიწისაგან პირისა. ამ დროს, ქართული სოფლები იცლება. ეს იმ დროს, როცა არც არაბს გავუგდივართ, არც ირანელს და, სხვათა შორის, რომელსაც მე ვგულისხმობ – არც რუსს. რუსებმა საიდანაც გაგვაგდეს, გაგვაგდეს, მაგრამ იმერეთის სოფლებიდან რუსს არ გავუგდივართ. ამ ფონზე, იმერეთის სოფლები იცლება. ჩვენი უპირველესი პრობლემა სოფლების დაცლისა, არის სიღარიბე. მე მომხრე ვარ, რომ მიწა გაიყიდოს. კი ბატონო, მივიღეთ კანონი, რომ მიწა არ გაიყიდოს ამ რაღაც შიშების გამო. ასეთ დროს, საერთოდ, გამკვირვებია ჩვენი ხალხის მოკლე ხედვები. ანუ მიწის გაყიდვის უფლებას ვკრძალავათ იქ, სადაც მიწის საკუთრების უფლება არ გვაძლევს ცხოვრების გარანტიას. ხალხი არ გარბის ქალაქიდან სოფელში. ხალხი გარბის , პირიქით – სოფლიდან ქალაქში. იცლება სოფლები. კიდევ უფრო უარესი – გადის ქვეყნიდან საერთოდ. მიწა გვაქვს, მაგრამ მიწა ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას. და იქ, სადაც მიწა არ არის საკმარისად უზრუნველმყოფელი ნორმალური ცხოვრებისთვის, უცხოელს ვეუბნებით – არ გაგიჟდე, არ იყიდო მიწა. ეს იმიტომ, რომ უცხოელსაც გაუჭირდება იქ ცხოვრება ხვალ და ზეგ. ქართველს თუ უჭირს ჩემს სოფელში ცხოვრება, რატომ დაულხინდება უცხოელს, არ მესმის. თუ უცხოელს შეუძლია, ჩემს სოფელში კარგად მოეწყოს, მაშინ ქართველებს რა ჯანდაბა უნდათ? რატომ არ შეგვიძლია, კარგად ვიცხოვროთ? ამიტომ, მე მაინტერესებს, რა ლოგიკაა, სადაც რთული ცხოვრებაა და სადაც მიწაზე საკუთრება ვერ უზრუნველყოფს ადამიანის – გინდა ქართველის, გინდა არაქართველის ნორმალურ საცხოვრებელ გარემოს, იქ მიწის გაყიდვას ვკრძალავთ, ხოლო სადაც გავრბივართ, ანუ სადაც ეკონომიკური აქტივობა უფრო მეტია, სადაც თვითდასაქმების შანსი უფრო მეტია, იქ უცხოელებს აქვთ მიწის ყიდვის უფლება, ანუ ქალაქში არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე. სასოფლო-სამეურნეო მიწა ერთი ჰექტარი, მაქსიმუმ, ღირს 4 000 დოლარი, ხოლო კვადრატული მეტრი მიწა თბილისში ღირს 200-300-400 დოლარი. აქ უფრო მეტი ფასი რატომ ღირს? იმიტომ, რომ აქ უფრო მეტი უკუგების საშუალებაა. რატომ არ ვუკრძალავთ? მე, საერთოდ, არც აქ მინდა აკრძალვა, არც – იქ. ლოგიკა მაინტერესებს თქვენი – თუ უცხოელს ვუკრძალვათ მიწის ყიდვას, რატომ არ ვუკრძალავთ იქ, სადაც, მაინცდამაინც, მიწის საკუთრებაში ყოფნა-არყოფნა არაფრის გარანტია არ არის და რატომ ვაძლევთ იქ, სადაც მეტია მოთხოვნა მიწაზე.
გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთ გავრცელებულ ჭორზე მიპასუხოთ – თუ ჩვენ უცხოელებზე მიწებს გავყიდით, მერე, თურმე, იქ ააშენებენ ჩინურ და ირანულ დასახლებებს? მე მინდა, მკაფიოდ უთხრათ ხალხს: რომ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, ვინც უნდა იყოს მისი მფლობელი, არავის არაფრის აშენების უფლება არა აქვს. ხოლო ქალაქის მიწებზე სწორედ რომ აქვთ დასახლებების აშენების უფლება. ქართველის აშენებულსაც ყიდულობს უცხოელიც და ქართველიც და პირიქით – უცხოელის აშენებულსაც ყიდულობს უცხოელიც და ქართველიც. რატომ არის, რომ ეკონომიკურად არააქტიურ სივრცეში ადამიანებს ვუზღუდავთ მყიდველის რაოდენობას, ვინიცობაა, შემთხვევით რომ გამოჩნდეს ასეთი. მე ვერ ვხედავ, მინმე გვასკდებოდეს. მთელი დასავლეთი საქართველო არის ეკალ-ბარდებად წასული – ჩაის პლანტაციებით სავსე და არცერთი ქართველი მილიონერისთვის არცერთ უცხოელ ინვესტორს აუკრძალავს იქ შემოსვლა. და თუ ვინმე ქართველ მილიონერს უნდა იქ მოსვლა (და საკმარისად გყავს ასეთი მილიონერი), გაასუფთაონ პალანტაციები, მოვიდნენ, ბატონო, და იმუშავებენ ქართველები ქართველების პლანტაციებში. გთხოვთ, მიპასუხოთ – როცა მიწის გაყიდვის უფლებას ვკრძალავთ, რატომ ვუშვებთ მაშინ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე და აქვს თუ არა ის ხიფათი ქვეყანას, რომ უცხოელის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადასვლით, იქ გაჩნდება რაიმე დასახლებები?“, – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები