ირაკლი სესიაშვილი: ვურჩევ ჩემს ოპონენტებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით კანონპროექტს გაეცნონ

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, იმ კოლეგებს, რომლებმაც სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გააკრიტიკეს, ურჩევს, რომ ჯერ გაეცნონ აღნიშნულ პროექტს და ამის შემდეგ გააკეთონ შეფასებები.
სესიაშვილის მტკიცებით, კანონპროექტი დისკრიმინაციული არ არის და ის ყველა მღვდელმსახურს ეხება.
„ვურჩევ ჩემს ყველა ოპონენტს, ჯერ კანონპროექტს გაეცნონ. კეთდება განცხადებები, მათ შორის – ხორციელდება ჩემზე თავდასხმები, თითქოს, დისკრიმინაციული კანონი შემაქვს – არამც და არამც. ჩემი ინიციატივით ვაუქმებ შეღავათს, რომელიც ეხება ყველა მღვდელმსახურს. ხაზს ვუსვამ, ყველას. საქმე ისაა, რომ ე.წ. რელიგიური ორგანიზაციები მიზანმიმართულად სარგებლობს ამ მუხლით; ფაქტობრივად – მავნებლობს და გაწვევას მთლიანად აგდებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, კანონის ის მუხლი, რომელიც მღვდელმსახურებს პრივილეგიებს ანიჭებს, გასაუქმებელია და ყველა, ვისაც ჯარში წასვლა არ სურს, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში უნდა წავიდეს.
„რაც შეეხება მართლმადიდებლებთან მიდგომას – ეს საკითხი რეგულირებულია კონკორდატით. ამ ჩანაწერის ინიციატორი მე არ ვყოფილვარ და თუ ვინმეს არ მოსწონს, თავის დროზე ამოეღო ხმა, როცა კონკორდატთან მიმართებით იყო მსჯელობა. დღეს, ამ მუხლს რომ ვაუქმებ, ჩემი ინიციატივაა, ყველას ეხებოდეს და თუ სხვა ნორმა იცავს, კეთილი ინებონ და ჩემთან ნუ ექნებათ პრეტენზიები – ჰქონდეთ კონკორდატთან“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები