იაგო ხვიჩია: ახალგაზრდებს, რომლებიც გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან, უნდა ესმოდეთ, რომ მონათმფლობელს ხვდებიან

“გრიგოლ ვაშაძემ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენეს, რომ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არაფერი უსწავლიათ, არცერთი შეცდომა უღიარებიათ”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხვიჩია გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „გაგვიმრავლდა ცრუ რელიგიები, რომლებიც ჯარისგან ათავისუფლებს ადამიანებს გაუგებარი მიზეზების გამო”.
როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ადამიანის თავისუფლების მტრები არიან.

„ბატონმა ვაშაძემ და მისმა პოლიტიკურმა ძალამ, ფაქტობრივად, აჩვენა, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაფერი უსწავლიათ, არცერთი შეცდომა უღიარებიათ. ისინი დღეს აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“ და სესიაშვილს მაშინ, როცა ზუსტად იმავეს ითხოვდნენ. ქართულ ჯარში არ არის კარგი სიტუაციაო, ამას ამბობდნენ – გეგონება, თავის დროზე ყოფილიყო ოდესმე ქართულ ჯარში რამე სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ერთნაირ კატეგორიაში გადის ბატონი სესიაშვილიც და ბატონი ვაშაძეც. ისინი ადამიანის თავისუფლების მტრები არიან. ორივე მათგანი მხარს უჭერს ამორალურ ინიციატივას. ორივე მათგანი დამნაშავეა ამ ქვეყნის ახალგაზრდობის წინაშე. ჩვენი მოვალეობაა, ასეთი ადამიანები ქუჩაში თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდნენ თავისუფალი ადამიანების საყვედურების შიშით, თვალებში ვერ უნდა უყურებდნენ ადამიანებს. ახალგაზრდებს რომ შეხვდება ბატონი ვაშაძე სხვადასხვა პოლიტიკურ შეხვედრაზე, იმ ახალგაზრდებს, თუ ისინი ცხვრები არ იქნებიან, უნდა ესმოდეთ, რომ მონათმფლობელს ხვდებიან. ეს მონათმფლობელი უნდა ამხილონ. პასუხი უნდა მოთხოვონ იმის გამო, რაც მან გუშინ ილაპარაკა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.
„ის, რომ ჯარს ყურადღება უნდა და ეს ე.წ ხელისუფლება ამ ჯარს ყურადღებას არ აქცევს; გაგვიმრავლდა ცრუ რელიგიები, რომლებიც ჯარისგან ათავისუფლებენ ადამიანებს – გაუგებარი მიზეზების გამო, ვითომ მღვდელმსახურები არიან, რაც დაცინვაა ჩვენი სახელმწიფოსი და  შეიარაღებული ძალებისა – ეს ყველას გვესმის; მაგრამ თვითონ კანონპროექტი არის უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებული”, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა, რომლის მიხედვით სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ, დღეს წარედგინება.
„გირჩში“ მიიჩნევენ, რომ ეს კანონპროეტი რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ არის მიმართული.“ბიბლიური თავისუფლება” ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები