„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობიანად მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლისთვისაც ეს ადამიანები იბრძოდნენ“

0

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობიანად მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლისთვისაც ეს ადამიანები იბრძოდნენ და ვაკმაროთ ჩვენს ქვეყანას ის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ტკივილია”,-ამ სიტყვებით მიმართა დიღმის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილ საზოგადოებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა. ​
მინისტრმა თითოეული დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და პირობა დადო, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, იმ 2 400-მდე პირის ბედის გასარკვევადაც, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულა სიაში ირიცხებიან.
„მინდა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთლიანად, მთავრობის სახელით, სამძიმარი და მხარდაჭერა გამოვხატო თქვენ მიმართ და პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას. მე ვიცი, რომ დღეს თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე დღეა, რადგან ერთგვარად განახლდა ტკივილი, რომელიც უკვე 26 წლისაა. 26 წელია, ძალიან მძიმე პროცესი მიდის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნისა და ვიცი, რომ ამ ხანგრძლივ ძებნას ახლა, მათი ნეშტების მოძიებით, იდენტიფიცირებითა და გადმოსვენებით, წერტილი დაესვა. თქვენგანვე მსმენია, რომ ეს ერთგვარი ნუგეშია თქვენთვის და თითოეული ჩვენგანისთვისაც. დღეიდან გვეცოდინება სად არის ჩვენი გმირების საფლავები.
„ოჯახების გადაწყვეტილებით, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დავკრძალოთ გოჩა გიორგაძე, ზურაბ ნადარეიშვილი და კახი ბზიკაძე. ოჯახებისვე გადაწყვეტილებით, გადმოსვენებული 12 პირიდან შემდეგი პირები დაიკრძალებიან საგვარეულო საფლავებზე: თამაზ ტყეშელაშვილი, გივი მანაგაძე, აკაკი მანაგაძე, ალექსი ბერაძე, მიხეილ ქაჯაია, ჯულიეტა გულუა, მიხეილ გულუა, მურთაზ გოგია და ალექსანდა ბეჭვაია“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნული 12 პირი იმ 150-ზე მეტ პირთა შორისაა, რომელთა მოძიება და გადმოსვენებაც “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მომუშავე ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში მოხერხდა.
„ცხრა წელია, ეს კომისია მუშაობს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა, რადგან ამ ყველაფერს, რამდენადაც ტრაგიკულია, იმდენად დიდი ჰუმანიტარული მნიშვნელობა აქვს. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც არის ან ყოფილა ჩართული ამ პროცესში – “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტიდან დავიწყებ, რომელსაც ამ საქმეში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს. მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზურ მხარეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში ჩართულია. გარწმუნებთ, რომ როდესაც მუშაობა იდენტიფიცირებასა და გადმოსვენებაზე მიდის, ყველას მიდგომა ერთია – აქ არ არის ეთნიკურობა, არის იმის გაზიარება, რომ ტკივილი ყველას სტკივა და ამ ტკივილს პატივისცემა სჭირდება.
ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ მხარეს და პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს – თავის დროზე დევნილთა სამინისტროს, ვინც პროცესი აქამდე მოიყვანა. კიდევ ერთხელ ვდებ პირობას, რომ მეც და მთელი მთავრობაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იმ 2 400-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედს ნათელი მოეფინოს“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. ​
ცნობისათვის, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი