„ამერიკა გაცილებით მეტია, ვიდრე „თეთრი სახლი“ და ნატო“ – „ამერიკის შესწავლის საკითხების“ კრებულის მე-7 ტომის პრეზენტაცია

დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტმა კრებულის „ამერიკის შესწავლის საკითხების“ მე-7 ტომის პრეზენტაცია გამართა. კრებულში ამერიკისმცოდნეობის სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი ქართველი და ამერიკელი ავტორების სტატიებია გაერთიანებული. პრეზენტაციას წიგნის რედკოლეგია, ავტორები, რეცენზენტები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

ვასილ კაჭარავამ, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელობს და ასევე კრებულის მთავარი რედაქტორია, ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროფესორმა აღნიშნა, რომ კრებულში ამერიკელი და ქართველი ავტორების სტატიები სხვადასხვა საკითხს ეხმაურება, როგორიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, კულტურა და რაც მნიშვნელოვანია, მე-7 ტომში საკმაოდ ვრცლად არის საუბარი ამერიკის ჯანდაცვის საკითხებზე.

ვასილ კაჭარავამ მისი გამოსვლის ბოლოს, მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს, რომლის დახმარებითაც გამოიცა კრებულის  პირველი ნომრები.

,,ამერიკის შესწავლის საკითხების“ მე-7 ტომის რეცენზენტი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  თედო ჯაფარიძეა, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა და მან თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო – ,,მე მიყვარს ამერიკა, ვიცი, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ის გაცილებით მეტია, ვიდრე „თეთრი სახლი“ და ,,ნატო’’ და ეს ქართველმა ხალხმა სწორად და ადეკვატურად უნდა გაიგოს.“

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ასევე ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კრებულები ქართველი და ამერიკელი ხალხისათვის. მათში ძალიან დიდი შრომა და ჯაფა დევს, რაც მომავალ თაობას უნდა გამოადგეს.

წიგნის პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოში საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ჯეფრი რენოც ესწრებოდა. მისი თქმით, ამერიკელებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს კრებულები, რადგან იქ ყველაფერი თავმოყრილი პოლიტიკაზე, ისტორიაზე, განათლებაზე, მეცნიერებაზე, ჯანდაცვაზე.

,,მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა კრებულების შექმნაში დასაწყისიდან დღემდე“, – აღნიშნა ჯეფრი რენომ.

პრეზენტაციის ბოლოს, წიგნის ერთ-ერთი რედაქტორი, ელენე მეძმარიაშვილი აუდიტორიის წინაშე წარდგა და შვიდივე კრებულზე ისაუბრა. რედაქტორის თქმით, ბოლო გამოცემა, წინა გამოცემებთან შედარებით, წინ გადადგმული ნაბიჯია.

,,სტატიების ხარისხი წლიდან წლამდე უმჯობესდება, ჩვენი მიზანი საქართველოში ამერიკის პოპულარიზაციაა“, – აღნიშნა ელენე მეძმარიაშვილმა.

კრებულში, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თანამედროვე მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მიმდინარე პროცესებია . კრებულის პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებთან ერთად მრავალი სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები