მაია ცქიტიშვილი: მადლობა კომპანია „გებრიუდერ ვაისის“ ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ სწორად შეაფასა საქართველოს პოტენციალი და გვენდო

საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს ავსტრიული კომპანია „გებრიუდერ ვაისის“ სამხრეთ კავკასიაში პირველი ლოგისტიკური და სასაწყობო ცენტრი გახსნა.

კომპანიის არსებულ ტერმინალს დაემატა სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები, რომელთა მთლიანი ტერიტორია 90 000 კვადრატული მეტრია. აქ კომპანიის 120 თანამშრომელი იმუშავებს.

მსოფლიოში წამყვანი კომპანია „პანასონიკი“ რეგიონული ტვირთების კონსოლიდირებას და მიწოდებას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში „გებრიუდერ ვაისიდან“ მოახდენს. ეს ადრე ჰამბურგში ხდებოდა. პირველი ფილიალი „გებრიუდერ ვაისმა“ საქართველოში 2012 წლის დასაწყისში გახსნა და სულ 15.5 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

,,ეს არის სწორედ გამოხატულება იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენი ეკონომიკური დერეფნის განვითარების მიმართულებით. ლოგისტიკური ცენტრები, სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციები, ტვირთების დამატებითი დამუშავება, ეს არის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესი რაც ჩვენ გვაქვს“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომპანიამ 7 წლის განმავლობაში 530 ათასი ტონა საქონლის ტრანსპორტირება მოახდინა. პროდუქცია, ძირითადად, მოიცავს სამომხმარებლო საქონელს, ინსტრუმენტებს, საავტომობილო ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და საკვებ პროდუქტებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ერთ-ერთ უძველეს ევროპულ კომპანიას იმისათვის, რომ სწორად შეაფასა საქართველოს პოტენციალი და გვენდო, მადლობა მას იმისთვის, რომ ხელი შეუწყო საქართველოს ისტორიული მისიის გაძლიერებას. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალიდან გამომდინარე, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ბიზნესი არის სტრატეგიული, გებრიუდერ ვაისის განვითარების ისტორია კი დასტურია იმისა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია, ბიზნეს-გარემო მიმზიდველი და პოტენციალი მზარდი,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები