UNESCO: ქართულ ცეკვას აქვს დიდი შესაძლებლობა იყოს გატანილი ექსპორტზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს ალკის რაფტის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმში 15-18 მარტს დაგეგმილი საერთაშორისო-სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის საკითხები განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფესტივალები და ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონისა და ქალაქის ცნობადობის ამაღლებას.
“მსგავსი ტიპის ღონისძიებები, როგორიცაა ფოლკლორის ფესტივალი, კონფერენციები თუ შეხვედრები, ეხმარება საზოგადოებას, რომ კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური, წარადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე და შეუნახოს მომავალ თაობებს”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა ალკის რაფტიმ ქართული ცეკვის სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრა.
„დღევანდელი შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბათუმსა და მსოფლიო ცეკვებს შორის ახალი კავშირები მყარდება. საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს შეუძლია ცეკვა, რაც საუცხოო სტატისტიკაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცეკვა ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ ცეკვას აქვს დიდი შესაძლებლობა იყოს გატანილი ექსპორტზე”,- აღნიშნა ალკი რაფტიმ. კონფერენციის – „ქორეოგრაფიული ფოლკლორი-ისტორია და თანამედროვეობა” მიზანია ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების პროცესის ახალ ეტაპზე გადაყვანას, კულტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევების მასშტაბების გაფართოებასა და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის გადარჩენის ამოცანათა გადაჭრას. კონფერენციის მხარდამჭერები არიან „იუნესკოს” ცეკვის საერთაშორისო საბჭო CID და ფოლკლორის ფესტივალების ევროპული ასოციაცია EAFF. შეხვედრას ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა, ასევე „იუნესკოს” ცეკვის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენელები და ფოლკლორის ფესტივალების ევროპული ასოციაციის (EAFF) პრეზიდენტი – კალოიან ნიკოლოვი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები