გიორგი ჩაკვეტაძე: დღეს, ჩვენ ამ სხდომაზე შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტის განხილვისას, საკრებულოს წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ თბილისის გენგეგმა კონცეპტუალური განვითარების საშუალებად შეაფასა და პროექტის განხილვის სხდომას ისტორიული თარიღი უწოდა. „დღეს, ჩვენ ისტორიულ სხდომას ვესწრებით. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი: მივიღოთ გენერალური გეგმა და ქალაქი კონცეპტუალურად განვითარდეს, თუ დავტოვოთ როგორც არის და თბილისი ქაოტურად განაშენიანდეს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. საკრებულოს წევრის თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება არამხოლოდ საკრებულოს მე-6 მოწვევის, არამედ მუნიციპალიტეტის საქმიანობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომლის მიზანსაც თბილისის, როგორც კომპაქტური, მწვანე, კარგად შეკავშირებული და მედეგი ქალაქის ჩამოყალიბება წარმოადგენს. „მიზნების შესრულების გარანტია ურბანული სტრუქტურის, ისტორიული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვაა. ცივილიზებული პრაქტიკაც ადასტურებს, რომ ეს დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, ჩვენ ამ სხდომაზე შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი“, – განაცხადა დეპუტატმა. გიორგი ჩაკვეტაძემ პროექტის ფარგლებში გაწერილი ეტაპების შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2030 წლის ჩათვლით განხორციელდება. „დოკუმენტი მათ შორის გულისხმობს არსებითი თემატური სტრატეგიების შემუშავებას; გარემოს დაცვასა და მდგრადობის უზრუნველყოფას; საქალაქო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ადაპტირებას; ზონირებასა და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების შექმნას; უწყვეტი და გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელს“,- აღნიშნა საკრებულოს წევრმა. გიორგი ჩაკვეტაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში რეკრეაციული ტერიტორიები 600 ჰა-თია გაზრდილი. მისი თქმით, გენგეგმა ქალაქის წინაშე არსებულ ურბანულ გამოწვევებს აღმოფხვრის და ქალაქში ქაოტურ განაშენიანებას საბოლოო წერტილს დაუსვამს. „მე დარწმუნებული ვარ დღეს, ამ დოკუმენტს, დიდი უმრავლესობით მივიღებთ და ისტორიას სიცოცხლით სავსე ქალაქის შესახებ ერთად დავწერთ“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ და ხანგრძლივი სამუშაო პროცესის გავლისა და მიღებული შედეგისთვის მერიის ადმინისტრაციას, ქალაქის მერს, „სითი-ინსტიტუტსა“, დეპუტატებსა და მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები