რიმა ბერაძე: გენგეგმა მომავლის დოკუმენტია, რომლის უსაფუძვლო კრიტიკის გამო ოპოზიციას შერცხვება

 თბილისის საკრებულოს სხდომაზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე განცხადება გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობა მიიღო. რიმა ბერაძე მიიჩნევს, რომ გენგეგმა ქალაქის განაშენიანების რეგულირებას უზრუნველყოფს. „ჩვენს მიერ შემუშავებული გენერალური გეგმა გამოირჩევა ეკოლოგიური წინსვლებით. პრიორიტეტი ენიჭება სარეკრეაციო სივრცეებს და მათ ზონირებას. მაგალითად ჩემს რაიონში, ჩუღურეთში, გენგეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია არსენალის მთის ზონირება, რომელიც განვითარების პოტენციალის მიუხედავად, წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო”,- განაცხადა რიმა ბერაძემ. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს უხეშად ხდებოდა ქალაქის იერსახით ხელყოფა და ქაოტური განაშენიანება. „ნამდვილად არ იყო ადვილი წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება ისე, რომ არ დაგვეზარალებინა ჩვენი მოქალაქეების ინტერესი და უფლებები. სწორედ ამიტომ, ვიტოვებთ ზონალური ცვლილებების შესაძლებლობის უფლებას. ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა გეგმის პრაქტიკაში დანერგვა და ასეთი პრაქტიკა დანერგილია განვითარებული ევროპის დედაქალაქებში”,- აცხადებს რიმა ბერაძემ. საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის მაქსიმალურად დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც ქალაქის განაშენიანების თავისებურებებს ერგება და განვითარების პერსპექტივებს უზრუნველყოფს. „ეს არის მომავლის დოკუმენტი, რომლის უსაფუძვლო კრიტიკის გამო ოპოზიციას ნამდვილად შერცხვება”,- აღნიშნა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები