გიორგი მარგველაშვილი პეტრე პოროშენკოს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, პეტრე პოროშენკოს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც მილოცვაში მარგველაშვილი აღნიშნავს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
“თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით, გულითადად მოგილოცოთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას უკრაინასთან, რომელთანაც მჭიდრო ხალხთაშორისი ურთიერთობა და ტრადიციული მეგობრობა გვაკავშირებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი საერთო მიზანი – ევროპული არჩევანი, რომლისკენაც საქართველო და უკრაინა მტკიცე ნაბიჯებით განაგრძობენ სვლას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინელი ხალხის სწრაფვა ქვეყნის ერთიანობისა და პოლიტიკური კონსოლიდაციისაკენ, ასევე მკაფიოდ წარმოაჩინა უკრაინის მოქალაქეთა ურყევი ნება, გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს დიდ ევროპულ ოჯახში. მტკიცედ მჯერა, რომ უკრაინელი ხალხის გაერთიანებული ძალისხმევით, უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს. თქვენო აღმატებულებავ, მინდა კიდევ ერთხელ გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებები თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცავაში.
უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს ჩატარდა.