მანანა კობახიძე: მთავრობა უფლებამოსილია, საერთაშორისო ხელშეკრულებები დადოს

პრეზიდენტის მხრიდან პრემიერ-მინისტრისთვის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების გადაცემა უფრო ფორმალურია, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია, საერთაშორისო ხელშეკრულებები გააფორმოს, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ რაიმე ზედმეტი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა ასეთი უფლებამოსილების პრემიერისთვის გადაცემა. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მას რაიმე პრობლემა არ აქვს და სრულად ეთახმება ასოცირების შეთანხმებაზე პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას.
“კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დადოს საერთაშორისო შეთანხმებები. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ასოცირების შეთანხმებისთვის პრემიერ-მინისტრს მოეწერა ხელი. ალბათ იმისთვის, რომ რაიმე ზედმეტი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა ასეთი უფლებამოსილების გადაცემა, რაც ალბათ უფრო ფორმალურია, რადგან კონსტიტუციური ნორმების თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია საერთაშორისო ხელშეკრულებები დადოს. თავად ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით არავით პრობლემას არ ქმნის და ეს დამატებითი აქტია, რომელიც ყოველგვარ კითხვის ნიშანს გამორიცხავს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცა. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები