პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი: საჯარო და კერძო ორგანიზაციებში 266 სამართალდარღვევა გამოვლინდა
2018 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს 382-მა მოქალაქემ მიმართა. ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად, აპარატმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების 470 პროცესი შეისწავლა, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი გამოვლინდა. 72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზე – გაფრთხილება, 67 სამართალდარღვევაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა. დამატებით გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 316 დავალება და რეკომენდაცია.
ანგარიშში ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებაა ასახული, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირს ეხება. საჩივრის მიხედვით, ერთ-ერთმა საჯარო უწყებამ მისი ყოფილი თანამშრომლის პირადი მონაცემები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
„ინსპექტორს მომართეს მოქალაქეებმა და მიუთითეს, რომ ერთ-ერთი საჯარო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა „Facebook“-გვერდზე მათ შესახებ ამავე უწყებაში დაცული პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ მათი მონაცემების გასაჯაროების ეტაპისთვის აღნიშნული პირი აღარ იკავებდა უწყების ხელმძღვანელის თანამდებობას და ამდენად, გაურკვეველი იყო, რა უფლებით ჰქონდა მას წვდომა უწყებაში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე.
გამოქვეყნებული ინფორმაცია ერთ-ერთი განმცხადებლის მიმართ ჩატარებული დისციპლინური წარმოების შესახებ დასკვნასაც შეიცავდა.
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ განმცხადებლების საჯარო უწყებაში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, მათ შორის ერთ-ერთი განმცხადებლის მიმართ ჩატარებული დისციპლინური წარმოების შესახებ დასკვნა, ყოფილი ხელმძღვანელისთვის ცნობილი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე იყო. განმცხადებლების შესახებ მონაცემების გამოქვეყნების მომენტისთვის მას დატოვებული ჰქონდა სამსახურებრივი პოზიცია და ის აღარ მოქმედებდა საჯარო უწყების სახელით. განხილვის ფარგლებში, უწყების ყოფილი ხელმძღვანელი მიუთითებდა, რომ ე.წ. პოსტის გამოქვეყნებისას აღარ იყო შებოჭილი საჯარო მოხელის თმენის ვალდებულებით და მოქმედებდა, როგორც ფიზიკური პირი. ამასთან, თავად განმცხადებლის ინიციატივით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მას კანონიერი ინტერესი ჰქონდა, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სწორი და ჭეშმარიტი ინფორმაცია.
საგულისხმოა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე ვალდებულია, როგორც სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი. ხაზგასასმელია, რომ თავად ამ საჯარო უწყების რეგულაციით, სამსახურის დატოვების შემდეგ, უწყების თანამშრომელს ჰქონდა ვალდებულება, მის ხელთ არსებული სამსახურებრივი დოკუმენტაცია უწყებისთვის გადაებარებინა.
მოცემულ შემთხვევაში, ინსპექტორის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი განმცხადებლის მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, უწყების ყოფილ ხელმძღვანელს კანონიერი ინტერესი ჰქონდა, გაეკეთებინა განმარტებები, თუმცა მეორე განმცხადებლის მიმართ ჩატარებული დისციპლინური წარმოების შესახებ დასკვნის გამოქვეყნება, არ იქნა მიჩნეული პროპორციულ და კანონიერ ზომად. ამდენად, დისციპლინური წარმოების შესახებ დასკვნის გასაჯაროების ფაქტზე უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. მას ასევე დაევალა გასაჯაროებული დოკუმენტის წაშლა, საჯარო უწყებას კი მიეცა რეკომენდაცია, განესაზღვრა შიდა რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში რეაგირების სამართლებრივი ბერკეტები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა კანონის საფუძველზე გასაჯაროებული არაერთი მონაცემთა ბაზა შეისწავლა, მათ შორის:
„ერთ-ერთი განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ www.privatization.ge-ze შესაძლებელია სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებულ აუქციონში გამარჯვებული პირების სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მოძიება. ვინაიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვადა არ არის განსაზღვრული, აუქციონში გამარჯვებულთა მონაცემები განუსაზღვრელი ვადით ქვეყნდება.
ამასთან, ვებგვერდს არ გააჩნია საძიებო სისტემებისგან დაცვის ფუნქციონალი და ნებისმიერ საძიებო სისტემაში სუბიექტის სახელისა და გვარის მითითებით პირადი ნომრის მოპოვება მარტივად არის შესაძლებელი.
ეს ის შემთხვევაა, როცა მონაცემთა გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არსებობს, თუმცა, კანონის თანახმად, აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადის დადგენა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება. შესაბამისად, სააგენტოს დაევალა, შეეფასებინა და დაედგინა საჯაროობის, გამჭვირვალობისა და სხვა კანონიერი მიზნებით, მონაცემების ხელმისაწვდომობის ვადა და მიეღო ისეთი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომელიცინტერნეტსაძიებო სისტემაში განმცხადებლის პირადი ნომრის მარტივად ხელმისაწვდომობას შეზღუდავდა“, – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშში.