კასპში ია (ილია) კარგარეთელისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კასპის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები ცნობილი კომპოზიტორის, მუკისისმცოდნის, ფოლკლორისტის, პედაგოგის, მომღერლის (ტენორი) საზოგადო მოღვაწის – ია (ილია) კარგარეთელისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ჩატარდა კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელშიც დაცულია ია კარგარეთელის პირადი არქივი.
მოსწავლეებმა შეასრულეს ქართლური და ქალაქური სიმღერები: ,,სხვათა მოჯამაგირობას”, ,,გოგიასა გოგიასა” და ,,რა კარგი რამ ხარ”.
მუსიკისმცოდნე ეკატერინე ყაზარაშვილმა საზოგადოებას ია კარგარეთელის პირად არქივში დაცული მუსიკალური მასალა სანოტო ხელნაწერებისა თუ სხვა ტიპის დოკუმენტები წარუდგინა.
ია კარგარეთელისადმი მიძღვნილი ღონისძიება კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის, გიორგი ჩადუნელის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა.
კასპის სალოტბარო სკოლა 2014 წელს დაარსდა. დღესდღეობით, სკოლაში ლოტბარ ზაზა მენაბდიშვილისა და რეგენტ ეკატერინე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას თვრამეტი ბავშვი ეუფლება.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია უფასოდ შეისწავლოს ქართული ტრადიციული სიმღერა და საეკლესიო გალობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები