ე.წ. ,,მუყაოს ქალაქში” წითელი ჯვრის სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ე.წ. ,,მუყაოს ქალაქში” ერთობლივი სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.

წითელი ჯვრის აქციის ფარგლებში, მოსახლეობას გამოკვლევები ადგილზე უტარდება და კვალიფიციური სპეციალისტები კონსულტაციებს უწევენ. მეორე დღეა წითელი ჯვრის სამედიცინო კაბინეტი ფუნქციონირებს და დღეის მდგომარეობით, სამასზე მეტ ადამიანს დახმარება გაუწიეს.

„მუყაოს ქალაქის” დასახლებას ესტუმრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრები და ბათუმის მერი. ადგილზე გაეცნენ წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ განხორციელებულ პროექტს და კვლევის შედეგებს.

„ათასამდე ბავშვი ცხოვრობს ამ დასახლებაში და მათი ჯანსაღ გარემოში აღზრდა არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. მიხარია, რომ დღიდან მუყაოს ქალაქის მშენებლობის დაანონსებისა, პროცესი დინამიკურად მიმდინარეობს. უკვე გამოცხადდა ტენდერი და უახლოეს მომავალში გვექნება დეტალური პროექტი,” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აღნიშნულ დასახლებაში უკვე ფუნქციონირებს საინფორმაციო ცენტრი, სადაც მოქალაქეთა განცხადებები მიიღება. ასევე, წითელა-წითურას ვაქცინაცია ხდება.

ე.წ. ,,მუყაოს ქალაქში” მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამსენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანიამ სრულყოფილი სამსენებლო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა წარადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები