საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირველი ოფიციალური შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან, დავით ტონოიანთან გამართა.
პირისპირ შეხვედრისას, თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებისა და სამხედრო მედიცინის სფეროებში თანამშრომლობაზე. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოში გამართულ საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში სომხეთის აქტიური მონაწილეობა დადებითად შეაფასა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრეს.
ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ლევან იზორიამ და დავით ტონოიანმა სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.
„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მიმდინარე წელს თანამშრომლობის გეგმას, რომელიც სერჟანტთა მომზადების გამოცდილებისა და ასევე, სამხედრო განათლების სხვა ასპექტების გაზიარებას ითვალისწინებს. ჩვენ გვსურს იყოს მეტი სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადების ფარგლებში საჩხერის სკოლაში და ასევე, გავუზიაროთ ის ინიციატივები, რომელიც წელს წარმატებით მიმდინარეობს განსაკუთრებით, კეთილსინდისიერების ამაღლების საქმეში, თავდაცვის უწყების მიერ. გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების სტაბილური და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის ძალიან წარმატებული იქნება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები