მარიამ ჯაშმა მაია ცქიტიშვილს სამგორის რაიონში სოციალური ბინათმშენებლობის ახალ ინიციატივაზე თანამშრომლობის თხოვნით მიმართა
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მსჯელობის დროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშამა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს თხოვნით მიმართა, რომ სამგორის რაიონში საპილოტე სოციალური ბინათმშენებლობის პროექტზე მუშაობა დაიწყონ.
„დღეს მე მოგმართავთ, როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. მოგეხსენებათ, რომ სამგორის საარჩევნო ოლქი უმნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების წინაშე დგას როგორც ინფრასტრუქტურული ისე ბინათუზრუნველყოფის თვალსაზრისით. მინდა მოგმართოთ თხოვნით, დავიწყოთ მუშაობა საპილოტე პროექტზე, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებით – გაეროს, საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების მაგალითზე მოგვცემს საშუალებას, გრძელვადიანი შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით დავიწყოთ ბინათმშენებლობის პროექტის ინიცირება. პროექტი მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ დევნილი მოსახლეობისთვის, არამედ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის და რეალურად გრძელვადიან პერსპექტივაში გადაჭრის ბინით უზრუნველყოფის პრობლემას. ამასთანავე საპილოტე პროექტი იქნება უფრო ხარჯთეფექტური თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი ქირით უზრუნველყოფის კომპინენტის სანაცვლოდ”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.