„არქიტექტორთა კავშირი” – K2 კოეფიცინეტის გაყიდვის აკრძალვა სულ მცირე 5-10 წელი განსაკუთრებულ ეფექტს ვერ მოგვცემს

 

„არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარის დავით აბულაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქს აუცილებლად უნდა მიეღო და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ დავით აბულაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, K2 კოეფიციენტის გაყიდვამ დედაქალაქში ურბანული თვალსაზრისით კატასტროფა გამოიწვია.
„K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც ეტაპზე ეს უნდა მიეღო ქალაქს. ეს შეაჩერებს იმ პროცესს, რომელიც მეორე ათეული წელია, ფაქტობრივად, როგორც ძირითადი ქალაქმშენებლობითი საფუძველი, გახდა მარეგლამენტირებელი ქალაქში ახალი მშენებლობისა. მან დროში ძალიან გადაჭარბებულად მიიღო იმაზე დიდი უფლებები, ვიდრე შეიძლებოდა ჰქონოდა ამდაგვარ კოეფიციენტებს. იცით, რომ რაღაც ეტაპზე ლეგალური გახდა ამ კოეფიციენტის ყიდვა და ფაქტობრივად, ამან გამოიწვია ის, რომ ურბანული თვალსაზრისით, ქალაქში კატასტროფა გვაქვს. რაც შეეხება ეფექტიანობას დროში, სამწუხაროდ, ის გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე წლებია მიღებულია და ამ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული, შეთანხმებული პროექტების მასშტაბები ძალიან დიდია და უახლოესი სულ მცირე 5, შეიძლება 10 წელიც განსაკუთრებულ ეფექტს ეს აკრძალვა ვერ მოგვცემს. თუმცა, ეს აკრძალვა გრძელვადიანობაში კარგ შედეგზეა ორიენტირებული. ყოველდღიურობა გვექნება იმდაგვარი, რომ ის პროექტები, რომელიც უკვე შეთანხმებულია, ეს გადაწყვეტილება მათზე ვერ იმოქმედებს. თუმცა, შესაძლებელია ისევ ქალაქმა, პროფესიონალებმა ვიფიქროთ, სამართლებრივად როგორ ჩავერიოთ იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც უკვე მიღებულია გადაჭარბებული K2 კოეფიციენტებიდან გამომდინარე.
ვფიქრობ, თუ გვინდა, ეფექტიანი იყოს, ის პროექტები უნდა გადაიხედოს, რაც უკვე შეთანხმებულია. ვიცი, ეს არ სიამოვნებს არც ჩემს კოლეგებს, არც ინვესტორებს, არც დეველოპერებს, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რის ხარჯზე ვიღებთ ამდაგვარი კოეფიციენტებისგან მიღებულ მაღალ ფინანსურ ეფექტიანობას. ეს ხომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლობის ხარჯზე, ქალაქის გაფუჭების ხარჯზე ხდება. საერთო კონსენსუსი უნდა მოხდეს და სოლიდარულები უნდა გავხდეთ ამდაგვარი რევიზიის მიმართ“, – განაცხადა აბულაძემ.
ცნობისთვის, თბილისში განსაზღვრულზე მაღალ შენობებზე ნებართვა აღარ გაიცემა. კახა კალაძის ინფორმაციით, კოეფიციენტების გადაჭარბება და გაზრდილი K2-ის გაყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ კალაძემ 15 თებერვალს განაცხადა.
“ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები, ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების მანძილზე კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას. მერიის ახალი მენეჯმენტი K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. თუმცა, ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე, საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები”, – განაცხადა კალაძემ.
ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან
ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა შესაძლებელი იყო. ამისთვის დეველოპერი შესაბამის მოსაკრებელს იხდიდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები