თბილისში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდება

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართული დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საათობრივ პარკინგზე გადასახადის დაწესებაზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე საპილოტე პროექტის ფარგლებში, საათობრივი გადასახადი დაწესდება.
​მისივე თქმით, ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული.
„მინდა, ვისაუბრო ზონალურ, საათობრივ პარკირებაზე, რომელიც სიახლე იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ზოგადად, პარკირების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად კერძო მანქანებისკენ იზრდება. ზონალური საათობრივი პარკირება არის ევროპის ყველა განვითარებულ და განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში, დიდი ხნის წინ დანერგილი მოდელი და ის მიიჩნევა ერთ-ერთ ქმედით საშუალებად სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით. ამ დღეებში საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად გადავუგზავნით თბილისში ზონალური, საათობრივი პარკირების წესებს, რომელიც პირველ ეტაპზე საპილოტე მოდელის სახით რამდენიმე ქუჩაზე პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება არის კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის) და ასევე მიმდებარე ქუჩები, ამავე დროს მუნიციპალიტეტი გააგრძელებს მუშაობას სხვა არეალებზეც. საბურთალოზეც ვმუშაობთ სხვადასხვა ლოკაციაზე, რომ საპილოტე პროექტის რეჟიმში დაინერგოს განხორციელება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები