მამუკა ბახტაძე აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციას ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობაზე ესაუბრა

“საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა.
გენერლების დელეგაციას, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, პრემიერმა საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა აშშ-თან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა წვრთნები, რომელიც ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით მიმდინარეობს, კერძოდ – სწავლება „ღირსეული პარტნიორი” (Noble partner).
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, შავის ზღვის უსაფრთხოება აქტუალური იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ყველა მხარე შეთანხმდა, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარეშე ტრანსატლანტიკურ რეგიონში გრძელვადიანი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ნატოსთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, ასევე აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რათა ქვეყანამ ინტეგრაციის გზაზე პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას.
სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ჰიბრიდულ გამოწვევებზე, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებაზე. აღინიშნა, რომ ქართული საზოგადოება დეზინფორმაციას ევროპისა და დასავლური ღირებულებების მტკიცე მხარდაჭერით უპირისპირდება.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში. პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით არსებულ დადებით დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას შეუწყობს ხელს.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესში არსებულ ორპარტიულ მხარდაჭერას, რასაც საქართველოს მხარდამჭერი არაერთი საკანონმდებლო აქტი და რეზოლუციაც ადასტურებს.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მოქმედი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებით, საქართველოს 21 თებერვალს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები