სოსო მანჯავიძე: ხაზარაძე შეშინებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც კომპრომისს ეძებს

თბილის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს ფეისბუკის საუთარ გვერდზე ეხმაურება.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის სიტყვა ნამდვილად არ ჰგავდა ხელისუფლებასთან შეუპოვარი მებრძოლის გამოსვლას.
„გუშინ მთელი მრავალტანჯული ქართული პოლიტიკური სპექტრი მამუკა ხაზარაძის გამოსვლას ელოდა.
რადიკალურ ოპოზიციაში გადასული ხაზარაძე პოლიტიკურ ფულს ნიშნავს, რომლის გამოც ისეთი საოცარი სალტო-მორტალეებს ნახავ, რომ ცირკის ნებისმიერ არტისტს შეშურდება.
ვინ აღარ იწონებდა თავს და ირტყამდა მკერდში მჯიღებს ხაზარაძის დასაცავად, დაწყებული ელისაშვილიდან, რომელიც „ბოლომდე ერთად დგომას“ ჰპირდებოდა მას, დამთავრებული გიგი უგულავათი – ამ უკანასკნელმა ბანკირს შეახსენა, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება.
მთელი ეს გამოცეკვება ხაზარაძის წინაშე ამაო გამოდგა.
ბატონი მამუკას სიტყვა ნამდვილად არ ჰგავდა ხელისუფლებასთან შეუპოვარი მებრძოლის გამოსვლას.
პირიქით, ის უფრო შეშინებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც კომპრომისს ეძებს.
როგორც ჩანს, მისი ამ გამოსვლით ყველაზე მეტად „რუსთავი 2“ დარჩა უკმაყოფილო, რომელმაც სასწრაფოდ მოიპოვა და გაასაჯაროვა მამუკა ხაზარაძის მიმართვა „თი-ბი-სი ჯგუფის“ თანამშრომლებისადმი, სადაც ის აცხადებს, რომ რომ „გუნდის გახლეჩა უნდათ და ჩვენ ამას არ დავუშვებთ!“
„ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში“.
აქ რამდენიმე საკითხია.
ჯერ ერთი, ცოტა არ იყოს, უხერხულია ღმერთის სახელით საუბარი სავახშო დაწესებულებაში.
„არა მოიღო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა“ – ეს მცნება დღესაც ძალაშია…
მეორე – „რუსთავი 2“-ის საქციელი, რომელმაც თავისი ჭკუით, ხაზარაძეს უკან დასახევი გზა მოუჭრა.
მესამე – თვითონ მამუკა ხაზარაძის გაორება და ირაციონალური მოქმედება. გაუგებარია, როგორ უნდა გაიგონ „თი-ბი-სის“ თანამშრომლებმა დღევანდელი მიმართვის სულისკვეთება გუშინდელი გამოსვლის შემდეგ.
და მეოთხე, არ გამოვა მამუკა ხაზარაძისგან ახალი ბიძინა ძველი ბიძინას წინააღმდეგ, ტყუილი იმედებია და შაბაში არ იქნება.
არც ჩეგევარა გამოვა მისგან.
„არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ – როგორც ნათქვამია“. – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები