ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას: მაშფოთებს ის ფაქტი, რომ არავინ გვეთანხმება ხოლმე ამ კანონპროექტებში

ხომ შეიძლება ხანდახან ისე წავიყვანოთ ეს პროცესი, რომ ერთი მხარდამჭერი მაინც ვიპოვოთ გარეთ, ვინც სიტყვაზე ამ პროცესს მხარს დაუჭერს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. სულ ასე სიარული, სიჯიუტე, არაფრის გათვალისწინება… მე მეუხერხულება უკვე ეგ მომენტი – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა თანაგუნდელებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„მე რაც მაშფოთებს ის არის, რომ არავინ გვეთანხმება ხოლმე ამ კანონპროექტებში არასდროს და ეს უკვე რაღაცნაირ ფორმას იღებს. მესმის, რომ ჩვენ შეგვიძლია ხმების საკმარისი რაოდენობა მოვაგროვოთ და მხარი დავუჭიროთ, მაგრამ ხომ შეიძლება ხანდახან ისე წავიყვანოთ ეს პროცესი, რომ ერთი მხარდამჭერი მაინც ვიპოვოთ გარეთ, ვინც სიტყვაზე ამ პროცესს მხარს დაუჭერს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. სულ ასე სიარული, სიჯიუტე, არაფრის გათვალისწინება… მე მეუხერხულება უკვე ეგ მომენტი, რომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პრინციპში სწორია, მაგრამ ჩვენს გარდა ამას მხარდაჭერა ხომ სჭირდება საზოგადოებისგანაც? მარტო ტექნიკური მხარე ხომ არ არის ორმოცდაათმა კაცმა ხმა მისცეს? იქნებ ცოტა დავუთმოთ იმ ხალხს, მოვუსმინოთ. არ არის სასიამოვნო განსხვავებული აზრის მოსმენა, მესმის, მაგრამ ჩვენ ხომ გვევალება, მთავრობას ევალება. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ყველა არგუმენტი ამოწურეთ, ჯიუტები არიან, არ ესმით და არ გაგითვალისწინეს. თუ არ არის რამე სასწრაფო და ვადებში ვართ, იქნებ ცოტა ხანი კიდევ გავაგრძელოთ დისკუსიები ამ საკითხზე. ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება, პარტნიორებშიც რაღაც ისე გვიყურებენ. მართლა სულ იზოლირებულ მდგომარეობაში ხომ არ ვიქნებით? ცოტა მეტი პატივისცემა,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო – ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები