ანზორ ქოქოლაძე: 17 მილიონის ოფშორში გადაქაჩვით ბიუჯეტმა 3,4 მილიონი დოლარი იზარალა

„17 მილიონის ოფშორში გადაქაჩვით ბიუჯეტმა 3,4 მილიონი დოლარი იზარალა“, – აცხადებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე რომელიც „თი-ბი-სი ბანკის“ ირგვლივ აგორებულ სკანდალს ეხმიანება.
მისი თქმით, აშკარად ჩანს, რომ ეს გარიგება სხვა აქციონერებისგან ფარულად მოხდა. შესაბამისად, დაზარალდებოდნენ აქციონერები, ამავდროულად, დაზარალდა ბიუჯეტიც.
„ნებისმიერი ბანკის ფული შედგება აქციონერებისა და მეანაბრეთა თანხებისგან და როდესაც დაუსაბუთებელი, მფლანგველური კრედიტები გაიცემა, ორივე აქტორი დგება დარტყმის ქვეშ. „თი-ბი-სის“ შემთხვევაში, აშკარად ჩანს, რომ სხვა აქციონერებისგან ფარულად მოხდა ეს გარიგება, შესაბამისად, დაზარალდებოდნენ აქციონერები, ამავდროულად, დაზარალდა ბიუჯეტიც, რადგან ეს ამოუღებელი 17 მილიონი გადაქაჩეს ოფშორში, ხოლო ბანკმა ჩამოწერა ეს თანხა. შესაბამისად, მოგების გადასახადის სახით, ანუ ამ თანხის 20%-ით, 3,4 მილიონ დოლარით დაზარალდა ბიუჯეტი“, – აცხადებს ქოქოლაძე.
მისივე თქმით, იმაზე მანიპულირება, რომ „თი-ბი-სი ბანკი“ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, და თუ მისი რომელიმე აქციონერის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეკონომიკას საფრთხეში ვაგდებთ – არასწორია.
„ამით ბანკს საფრთხე არ შეექმნება, თანაც თუ დააკვირდებით, ბანკის დანარჩენი 79%-ის მფლობელ არცერთ აქციონერს არ გამოუხატავს პრეტენზია, რადგანაც ამ სქემებით, პირველ რიგში, თვითონაც დაზარალდნენ. ქვეყანაში არ უნდა იყვნენ ხელშეუხებელი ადამიანები. ნაციონალური რეჟიმთან ერთად, ხაზარაძეს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეულობით ადამიანს უკანონოდ წაართვა ქონება, რა პასუხს ვაძლევთ მათ?“, – აცხადებს ქოქოლაძე.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები