“დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, თუმცა მარჯვენა ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს“

ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის, მარინა გელანტიას ინფორმაციით, მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა.
თუმცა, კლინიკის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ პაციენტს მარჯვენა ხელ-ფეხის მოქმედება პარალიზებული აქვს.
მისივე თქმით, პაციენტს დამატებითი გამოკვლევები უტარდება.
„გუშინ საღამოს ჩატარდა კონსილიუმი. კონსილიუმში ჩვენი კლინიკის ექიმებთან ერთად მონაწილეობა რესპუბლიკაში ამ დარგში ცნობილმა სპეციალისტებმა მიიღეს. მათ პაციენტის მდგომარეობა და დღემდე განხორციელებული კვლევები და გამოკვლევები შეაფასეს. ამ ეტაპისთვის ინსულტი არ იქნა დადასტურებული. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყდა, რომელიც მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას განსაზღვრავს.
მკურნალობა სტანდარტულად მიმდინარეობს, ასევე მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში. ამ კვლევების შედეგებს დამატებით მოგახსენებთ. ტარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები, ფუნქციური ენცეფალოგრამა და ნეიროფიზიოლოგიის დამადასტურებელი კვლევები.
ამჟამად პაციენტის მარჯვენა ხელ-ფეხის მოქმედება პარალიზებულია, თუმცა თავად კონტაქტური და ადეკვატურია“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.
კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე სასულიერო პირის ოჯახის წევრების განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ექიმები არ ასაჯაროვებდნენ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის ზუსტ მდგომარეობას.
„დაუმსახურებელი და უსაფუძვლო იყო ოჯახის ახლობლების მიერ გაკეთებული განცხადებები კლინიკის ადმინისტრაციის და ექიმების მიმართ. იმედი მაქვს, ეს განცხადებები ემოციურ ნიადაგზე იყო გაკეთებული“, – აღნიშნა მარინა გელანტიამ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საპატიმროდან ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები