მარიამ ჯაში: ვადასტურებ მზაობას, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის, განვიხილოთ სამუშაო ფორმატში

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ქალაქ რუსთავის სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ იმსჯელეს.

როგორც ,,კვირას” უწყებიდან აცნობეს, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა განათლების სისტემის დაანონსებულ რეფორმას დადებითად აფასებს.

„ეს ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ დეტალურად გავიარეთ საატესტატო გამოცდების სისტემის გაუქმების საკითხი. სკოლები მზად არიან მიმდინარე შეფასების სისტემებით, შემაჯამებელი ქულების მინიჭების პროცესისთვის”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 შეხვედრაზე, ასევე, 2020 წლიდან ეროვნული გამოცდების ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრეს

„ზოგადი უნარების ამოღება სავალდებულო სიიდან მასწავლებლების მხრიდან ფასდება დადებითად, თუმცა არის შემოთავაზება, რომ გაფართოვდეს ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნების შესაძლებლობა, რაზეც მიმდინარეობს მსჯელობა და რაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად. მეც ვეთანხმები აღნიშნულ პოზიციას.  2020 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებლად რამდენიმე თვე გვაქვს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სკოლის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ, ასევე, იმსჯელეს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც მაქსიმალურად თანაბრად უნდა გაუჩნდეთ, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.

,, ვადასტურებ მზაობას, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის, განვიხილოთ სამუშაო ფორმატში,“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები