გიგა ზედანია სტუდენტებს შეხვდა – “ყოფილი დეკანის, გიორგი ქადაგიძის აღდგენაზე საუბარი არ ყოფილა”

ილიაუნის უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ზედანიამ აღნიშნა, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე ბიზნესსკოლასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს, თუმცა, ზედანიას თქმით, შეხევდრაზე დეკანის აღდგენასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
„ჩატარდა შეხვედრა წარმომადგენლობით საბჭოებთან. შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის საკითხები, სადაც შეთანხმება სრულიად შესაძლებელია, მოხდეს. ეს არის მაგალითად, სტუდენტური ჯგუფის ჩართვა ბიზნესის სკოლის ავტონომიის მექანიზმების განსაზღვრაში ახალ შექმნილ ფაკულტეტზე. ასევე ვფიქრობთ, ცალკე სტუდენტური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იმუშავებს უნივერსიტეტის დონეზე წესდებაში ცვლილებებისთვის. ამასთან ვთვლით, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობაა, გავაგრძელებთ შეხვედრებს და მუშაობას. ბიზნესსკოლის სახელზე ვმსჯელობთ. ეს მსჯელობა გაგრძელდება. რაც შეეხება დეკანის აღდგენას, ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო ბევრად უფრო კონსტრუქციული, სამუშაო პროცესზე ორიენტირებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ასე გაგრძელდება. დათმობაზე არ არის საუბარი, საუბარია, რომ პრობლემების გადაწყვეტა მოხდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ეს სტუდენტები უნდა დაელაპარაკონ სხვა სტუდენტებს და გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედებენ. ახალი სტრუქტურა ყველა ვარიანტში რჩება. ჩვენ ვიმსჯელებთ მის სახელზე და შედგენილობაზეც. არსებობს საკითხები, რომლებზეც შეთანხმება შეიძლება, მათ შორის, ბიზნესის სკოლის ავტონომიურობის სტატუსი და მექანიზმები ამ ახალ ფაკულტეტზე და წესდებაში განსახორციელებელი ცვლილებები და ორივე პროცესში სტუდენტების ჩართულობაზე. ლაპარაკია წესდებაში იმ ცვლილებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ცალკეული ფაკულტეტების ავტონომიურობას გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც ამ ფაკულტეტს ეხება. ბიზნესსკოლისთვის ამ ახალ ფაკულტეტზე ავტონომიურობა ყველა ვარიანტში იქნება უზრუნველყოფილი. საუბარია ინსტიტუციურ ავტონომიურობაზე. ცალკე დეკანზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ზედანიამ.
შეგახსენებთ, რომ ილიაუნის უნივერსიტეტის 20-მდე სტუდენტმა შიმშილობა ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიწყო, ისინი ბიზნესსკოლის დეკანის გიორგი ქადაგიძის უნივერსიტეტში დაბრუნებას ითხოვენ.
ირაკლი ქადაგიძე უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით სასწავლო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები