დავით სერგეენკომ საავადმყოფოში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა – როგორია მისი მდგომარეობა

სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ღუდუშაურის საავადმყოფოში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პაციენტი კონტაქტურია. „მე მქონდა შეხვედრა, როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სპეციალისტებთან და ვინახულე პაციენტი. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში. რაც შეეხება მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის გეგმას, ჩაუტარდა კვლევა, უახლოეს საათებში იქნება საბოლოოდ ამ კვლევის შედეგები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტის მკურნალობის ადგილს რაც შეეხება, ნებისმიერმა უნდა მიიღოს საუკეთესო სერვისი და მკურნალობა. რაც შეეხება იმას, თუ სად ჯობია მისი მკურნალობა, დღეს უახლოესი საათების განმავლობაში იქნება ამაზე გადაწყვეტილება მიღებული. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან, მაგრამ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში ორი დღის წინ აზიარეს. ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა აზიარა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები