„ახალგაზრდა ადვოკატები“: „თი-ბი-სი“ ბანკს ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად „თი-ბი-სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და ბანკში, 2008-2007 წლებში განხორციელებული ტრანზაქციებით ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჭიროა პროცესის მეტი გამჭვირვალობა, რომელიც თანაბრად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ საგამოძიებო ორგანოს მოქმედებების საჯაროობით, სასამართლომ – მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისწავდომობით და პროცესის მონაწილე მხარეებმა – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და „თი-ბი-სი“ ბანკის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებისთვის მეტი დოკუმენტური სიმართლის მიწოდების საშუალებებით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საზოგადოებას სწორედ სამართლებრივი თვალსაზრისით აინტერესებს, ჰქონდა თუ არა აკრძალულ ტრანზაქციებს ადგილი, რაში გამოიხატება საგამოძიებო უწყების მხილება, რამდენად დასაბუთებული და პროპორციულია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და რა დოკუმენტური მტკიცებულებები გააჩნია „თი-ბი-სი“ ბანკს უფლების დასაცავად.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არც ერთი მხარე არ უნდა შეიზღუდოს სამართლებრივი პრეტენზიების დასაბუთებაში.
„მოცემულ შემთხვევაში, როგორც ეროვნულ დონეზე, აგრეთვე საერთაშორისო ინტანციებში, გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს სიმართლის დადგენისა და საკითხზე კანონიერი გადაწყვეტილებებისთვის. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ვალდებულია ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, მათ შორის ცალსახად განიმარტოს, სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მოქმედებები, რა ფორმით და რა საფუძვლებით შეიძლება უკავშირდებოდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგს, წარმოადგენს თუ არა რაიმე ფორმით საქართველოს ეროვნული ბანკისა და საგამოძიებო უწყებების მოქმედება მმართველი პოლიტიკური პარტიის თამჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან პირადი უთანხმოების საკითხს ან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს, ვინაიდან აღნიშნულ მოსაზრებებს ადგილი გაუჩნდა საზოგადოების სხვადასხვა წრეებში.
ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება პოლიტიკური ჯგუფების, დაინტერესებული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ცალკეული აქტივისტების მხრიდან შერჩევით მართლმსაჯულებაზე, უწინარეს ყოვლისა, აზიანებს „თი-ბი-სი“ ბანკის ფუნქციონირებას და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მიმართ ქმნის დესტრუქციულ წარმოდეგნებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროცესში დემოკრატიული ინსტიტუციების ჩართვით და საერთაშორისო დონორების მონაწილეობით, უნდა მოხდეს ბანკის რეპუტაციული მდგომარეობის შენარჩუნება და ბანკი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, ჰქონდეს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საზოგადოებისთვის, რომ შესაძლო დარღვეულ უფლებას დაიცავს მხოლოდ სამართლებრივი საშუალებებით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ახდენს საკითხის გაშუქებას მედია, რომელიც უნდა გამოირჩეოდეს მიუკერძოებლობის სტანდარტებით და საკითხის სიღმისეული და ყოველმხრივი გაშუქების ფორმით“,- აცხადებს „ახალგაზრდა ადვოკატები“.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც დაკავშირებულია ბანკების მოსახლეობის მიმართ არაკეთილსინდისიერ მოპყრობასა და ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაში, რაზეც პრინციპული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, დღეს „თი-ბი-სი“ ბანკის მიმართ რეპუტაციული რისკი, შესაძლებელია, მძიმედ აისახოს ქვეყნის ეკონომოკური სტაბილურობის განვითარებაზე.
„ამასთან, ორგანიზაციას არ გაქარწყლებია სამართლებრივი პრეტენზიები ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის მიმართ, რომლის მონაწილეობით ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ წაართვა ლისის ტბა. რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანობის განცდა თანაბრად უნდა არსებობდეს, იმის მიუხედავად, ვის რა მოცულობის დარღვეული უფლება გააჩნია“,- ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები